"ნულოვანი თანაგრძნობის" დოქტრინამ ოცნების შიგნითაც იმუშავა.
ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ვერტიკალში მნიშვნელოვანი ცვლილებები გაფორმდა. ფაქტობრივად ეს არის რევოლუცია ქართულ ოცნებაში.
რეჟიმი ამბობდა, რომ ოთხ ოქტომბერს რევოლუცია გაანეიტრალეს, სინამდვილეში ოთხი ოქტომბერი მათვე გამოიყენეს შიდა კლანური ბრძოლისა და ძალაუფლების სრული კონსოლიდაციისთვის ერთი ცენტრის ქვეშ.
დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ არა თუ 2011 ან 2012, არამედ 2016 წლის ოცნებისგანაც კი აღარაფერი დარჩა. ნუ, თუ დიტო სამხარაძეს არ ჩავთვლით... მაგრამ ეს ის დიტო აღარაა ღარიბაშვილის სადღეგრძელოს რომ სკამზე შემდგარი სვამდა და სხვებსაც აძალებდა... კობახიძის დაჯგუფება ყველა ფლანგზე დომინირებს. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, ერთადერთი უპირობო ავტორიტეტის, მილიარდერი ოლიგარქის სალოცავი კერპის ქვეშ.
ყველა - ვისზეც და რაზეც იდგა ივანიშვილის ხელისუფლება რეჟიმად სრულფასოვნად ჩამოყალიბებამდე და თავად რეჟიმის ფორმირების პროცესშიც - დღეს გაქცეულია, ან დაკავებული, ან დაკავების მოლოდინში.
დღეს მომხდარს ქართული ოცნების "გრძელი დაშნების ღამე" შეგვიძლია დავარქვათ, რომელიც ისტორიაში ცნობილია, როგორც შიდა ოპონენტების უმოწყალო წმენდის ოპერაცია, რომელმაც სრულფასოვანი დიქტატურა გააფორმა.
დაუსჯელობის და დაუძლევლობის განცდამ, რომელიც ოპოზიციის განეიტრალებამ, წინააღმდეგობის ფრონტის დეზორგანიზირებულობამ და დასავლეთის რეალური წნეხის დაგვიანებამ შექმნა - მოიტანა ის, რაც ყოველთვის ემართება ავტორიტარულ სისტემებს, რომელშიც კლანებს შორის სრული დომინირების სურვილი მთავარ პრიორიტეტად იქცევა.
დღეს ყველაზე საინტერესო იმ ადამიანების მდგომარეობაზე დაკვირვებაა, რომელსაც რეჟიმი ეუბნება, რომ ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ყველა პრემიერმინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები კორუფციაში, ღალატსა და მტრულ დასავლეთთან თანამშრომლობაში და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართული.
ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ძალაუფლების ვერტიკალი შიგნიდან ინგრევა იმავე სიმძიმით, როგორითაც აშენდა - შიშით, უნდობლობით და დაუნდობლობით. ამ შედეგზე თქვენთან არაერთხელ მისაუბრია. ახლა ჩემთვის აქტუალური მხოლოდ ერთი კითხვაა: სანამ რეჟიმი საკუთარ თავს შთანთქავს, მოვასწრებთ თუ არა ჩვენ, ანუ ქართული საზოგადოება საკუთარ თავისუფლებაზე ზრუნვას და უზურპატორისგან სახელმწიფოს გამოხსნას?!
